მაია ცქიტიშვილი - მიმზიდველი ქვეყანა ვართ საერთაშორისო ინვესტიციებისთვის ღია ბაზრით
ძებნამაია ცქიტიშვილი - მიმზიდველი ქვეყანა ვართ საერთაშორისო ინვესტიციებისთვის ღია ბაზრით
30 აგვისტო 2018საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ურუმჩიში სამუშაო ვიზიტი გრძელდება.
ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი სიტყვით გამოვიდა ჩინეთ-ევრაზიის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმზე „სარტყელი და გზა - მშენებლობა, მონაწილეობა და საერთო სარგებელი“.
მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ჩინეთ-ევრაზიის ექსპო და ფორუმი შესანიშნავი შესაძლებლობაა სავაჭრო კავშირების, ხალხთა შორის ურთიერთობისა და ბიზნეს წრეებს შორის კონტაქტების შემდგომი გაღრმავებისთვის.
ვიცე-პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის ინიციატივის -,,სარტყელისა და გზის“ მნიშვნელობას.
,,როდესაც ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება მუდმივად იზრდება, ერთიანი სარტყელისა და გზის ინიციატივა მნიშვნელოვნად აცოცხლებს უძველეს აბრეშუმის გზას ჩვენს თანამედროვეობაში. ის შექმნის ინოვაციური ვაჭრობის მექანიზმებს, რაც ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ადგილობრივი და რეგიონული ინფრასტრუქტურის, სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტებისთვის“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
სიტყვით გამოსვლის დასაწყისშივე ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის მთავრობას საქართველოს მიწვევისთვის საერთაშორისო იმპორტის პირველ ექსპოზე, რომელიც შანხაიში ნოემბერში გაიმართება. ექსპოზე საქართველოს დელეგაცია უმაღლეს დონეზე - პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით იქნება წარმოდგენილი და ჩვენს ქვეყანას საკუთარი პავილიონი ექნება ქართული კომპანიების სტენდების განსათავსებელად. მაია ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა ღონისძიების მნიშვნელობას, რომელიც მთელი მსოფლიოდან 10 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის იმპორტის მოზიდვას ისახავს მიზნად და იმედი გამოთქვა, რომ ეს ვაჭრობის ხელშეწყობის ეფექტიანი ინსტრუმენტი იქნება.
როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, ერთიანი სარტყელი - ერთიანი გზის ინიციატივა მნიშვნელოვნად გაზრდის ინვესტიციებს, ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებას. მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან ერთიანი სარტყელისა და გზის ინიციატივის მხარდაჭერის კარგი მაგალითია თბილისში უკვე ორჯერ გამართული აბრეშუმის გზის ფორუმი.
სიტყვით გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა დაადასტურა, რომ ქართული მხარე სრულად იზიარებს ერთიანი სარტყელის და გზის ინიციატივის ხუთივე მთავარ პრიორიტეტს: თანამშრომლობას დარგობრივი პოლიტიკის სფეროში, კავშირებს ინფრასტრუქტურულ ობიექტებს შორის, დაბრკოლებების გარეშე ვაჭრობას, ფინანსურ ინტეგრაციას და ხალხთა შორის ურთიერთობებს. ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ხელი მოაწერა აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომლობის მემორანდუმს.
მაია ცქიტიშვილმა ჩინეთ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედების მნიშვნელობასა და ორ ქვეყანას შორის მზარდ სავაჭრო ბრუნვაზე ისაუბრა, რომელმაც გასულ წელს 939.54 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.
ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ბიზნესისადმი კეთილგანწყობილ პოლიტიკას და გეოპოლიტიკურ ადგილმდებარეობას, რომელიც ხელსაყრელ პოზიციას უქმნის ქვეყანას იქცეს საინვესტიციო შესაძლებლობების რეგიონულ ცენტრად.
,,ჩვენ მცირე ზომის, თუმცა ძალიან მიმზიდველი ქვეყანა ვართ საერთაშორისო ინვესტიციებისთვის ღია ბაზრით, ლიბერალური ეკონომიკითა და სტრატეგიული ადგილმდებარეობით. ვართ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი, ევროკავშირის ასოცირებული წევრი, ასევე - ჩინეთთან, ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის ქვეყნებთან და თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყანა“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ათვისება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამის მაგალითია ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხორციელდება. მათ შორისაა ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის მშენებლობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული გზატკეცილის გაუმჯობესება, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა, თბილისსა და ქუთაისში თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრების განვითარება და რკინიგზის მოდერნიზება.
მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ეს პროექტები გაზრდის საქართველოს საერთო სატრანსპორტო შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს მის წარმოჩენას სატრანზიტო ქვეყნის სახით. მან ასევე, ყურადღება გაამახვილა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის ამოქმედების მნიშვნელობაზე, როგორც რეგიონში კავშირებისა და თანამშრომლობის სტიმულირების საუკეთესო მაგალითზე და აღნიშნა, რომ პროექტი ეფექტიან სარკინიგზო კორიდორს შექმნის კასპიის ზღვიდან ევროპის მიმართულებით.
ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ნაკისრი ვალდებულების ერთგული და ყველაფერს გააკეთებს დაინტერესებულ წრეებთან თანამშრომლობის შემდგომი კონსოლიდაციისთვის.
,,ჩვენი მიზანია უპრეცედენტო ბიზნეს რესურსები შევთავაზოთ ყველას, ვინც ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს ეძებს ქვეყნის სწრაფად მზარდ დარგებში, ესაა - ენერგეტიკა, ტურიზმი, წარმოება, რეგიონული მომსახურება, ლოგისტიკა და აგრობიზნესი“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა გამოსვლის დასასრულს.
დღესვე, ვიცე-პრემიერმა დელეგაციის წევრებთან ერთად, ჩინეთის ექსპო დაათვალიერა, სადაც როგორც ჩინური, ისე ბევრი სხვა ქვეყნის კომპანია იყო წარმოდგენილი.
,, სამწუხაროდ, ამჯერად ქართული კომპანიები არ ესწრებოდნენ ამ გამოფენას, თუმცა, როგორც ჩემს გამოსვლაშიც აღვნიშნე ჩვენ აქტიურად ვემზადებით ნოემბერში შანხაის იმპორტის გამოფენისთვის, რომელშიც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.